უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე - კირილ ბუდანოვი

კირილ ბუდანოვი

უკრაინის პრეზიდენტის დავალებაა ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, სასურველია ზამთრის დადგომამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

უსაფრთხოების ფორუმზე, „უსაფრთხოების არქიტექტურა 2026“-ზე სიტყვით გამოსვლისას ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია საბრძოლო მოქმედებების რაც შეიძლება მალე შეწყვეტა.

„ეს არის პრეზიდენტის დავალება – ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ომი. სასურველია, ეს ზამთრამდე მოხდეს. როგორც პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ყველაფერს გავაკეთებ პრეზიდენტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი სრულიად სწორი, დროული და გააზრებულია“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად საკმარისი შესაძლებლობები აქვს, თუმცა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შეთანხმებებზე უარი თქვას.

ამასთან, მისი შეფასებით, უკვე არსებობს „საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეალური ნიშნები“.