რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 პირი

რიაზანი

რუსეთის რიაზანის ოლქში, სამხედრო ქარხანაში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.

რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, 18 აგვისტოს რიაზანის ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა.

15 აგვისტოს დენთის მწარმოებელ ქარხანაში, „ელასტიკში“ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის სახელმწიფო რეესტრის ცნობით, ქარხანა იარაღსა და საბრძოლო მასალებს აწარმოებს.

2021 წლის ოქტომბერში აღნიშნულ ქარხანაში აფეთქებასა და ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა.