ქალაქის ჰაერი უფრო ტოქსიკურია, ვიდრე მთვარის მტვერი - კვლევა

მთვარის მტვერი

ახალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქალაქის გადატვირთული ქუჩების ტიპური დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა უფრო მავნებელია, ვიდრე - მთვარის მტვრის.

ჩვენი პლანეტის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე არსებული მტვრის ტოქსიკურობის შესახებ ეჭვები Apollo-ს ეკიპაჟიანი მისიების დროს გაჩნდა. ეს იმიტომ, რომ იგი სტატიკურადაა დამუხტული და ასტრონავტთა სკაფანდრებს მარტივად ეკვრის. შესაბამისად, როდესაც ისინი ხომალდში ბრუნდებოდნენ, ნაწილაკები ერეოდა ჰაერს, რომელსაც სუნთქავდნენ. ეს სასუნთქი გზების პრობლემებს იწვევდა, თუმცა სიმპტომები — ცემინება, თვალების წვა და ყელის ტკივილი — დაახლოებით 24 საათში ქრებოდა.

საინტერესოა, რომ იგივე ნიშნები აწუხებდა Apollo-ში მონაწილე მფრინავ მედიკოსსაც, რომელსაც დაბინძურებულ სკაფანდრებთან უწევდა შეხება. ასეთი განმეორებითი შემთხვევების გამო მისი სიმპტომები ყოველი მისიისას უარესდებოდა. აქედან ასკვნიან, რომ მთვარის მტვერთან მსგავსი პერიოდული შემხებლობა მის ტოქსიკურობას ზრდის.

 მეტის გასაგებად სიდნეის უნივერსიტეტის რესპირატორული კვლევითი ჯგუფის წევრმა, მიქაელა სმიტმმა, ექსპერიმენტები ჩაატარა. მან ამისთვის მთვარის ორგვარი სიმულაციური მტვერი გამოიყენა, რომელიც ციური სხეულის ვულკანური ველებისა და ძველი მთების მიმდებარედ არსებულის მსგავსია.

ამ მტვრის ნაწილაკები 2.5 მიკრონზე (მეტრის მემილიონედი) მცირე ზომისაა, ანუ საკმარისად პატარაა იმისთვის, რომ სასუნთქ არხებში შეაღწიოს. მეცნიერმა დოქტორანტმა ისინი შემდეგ ფილტვის ბრონქებისა და ალვეოლების უჯრედებთან შემხებლობაში გამოცადა. იგივე გაიმეორა სიდნეის ქუჩაში აღებული ჰაერის ნიმუშის შემთხვევაშიც, რათა შედეგები შეედარებინა.

მან აღმოაჩინა, რომ მთვარის მტვერი ფილტვებს არათანაბარი ზომისა და უხეში სტრუქტურის გამო აღიზიანებს, მაგრამ მთლიანობაში მისი გავლენა დაბინძურებული ჰაერისას საგრძნობლად ჩამოუვარდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური გამღიზიანებელი და ძლიერ ტოქსიკური ნივთიერებები ერთმანეთისგან განვასხვაოთ. ჩვენი კვლევა მიანიშნებს, რომ მთვარის მტვერმა, შესაძლოა, სასუნთქი გზების გაღიზიანება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს, მაგრამ ის ქრონიკული და ხანგრძლივი დაავადებების რისკს არ აჩენს", — აცხადებს სმიტი.