პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი საკმარისი არ არის, საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი საკმარისი არ არის, საჭიროა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მელონის თქმით, იტალია მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას და მოხარულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოხატა მზადყოფნა უპირობო ზავისთვის, რითაც აჩვენა, რომ უკრაინაც მიისწრაფვის მშვიდობისკენ.

„ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს იგივე, რადგან პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავზე გამოცხადებული სამდღიანი ზავი სხვა რამეა და აშკარად არასაკმარისია. მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი“, – განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში ნიშნავს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს.

მელონის თქმით, რომ ევროკავშირ-აშშ-ის სამიტის ჩასატარებლად ჯერ დრო არ დამდგარა. მელონიმ განაცხადა, რომ აცნობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და სხვა ლიდერებს არა მხოლოდ ნატო-ს სამხედრო გაძლიერების, არამედ აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაახლოების გზების ძიების აუცილებლობის შესახებ, რადგან მსოფლიო არენაზე ჩნდებიან სხვა სახელმწიფოები, რომლებიც დომინირებისკენ მიისწრაფვიან.

„ჩვენ არასდროს დაგვისახელებია თარიღი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მაგრამ, ცხადია, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შეხვედრებმა რომ შედეგები მოიტანოს, საჭიროა დრო, ისინი გულდასმით უნდა მომზადდეს, არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ უნდა იყოს შინაარსობრივი. ახლა ჯერჯერობით დრო არ დამდგარა“, – აღნიშნა მელონიმ.