POLITICO: ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის წახალისებამ, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მსოფლიო წესრიგი ჩინეთის გავლენისგან გაათავისუფლოს

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად იწვევდა ევროპელი მოკავშირეების უკმაყოფილებას ვლადიმირ პუტინთან აშკარა დაახლოების მცდელობებითა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მკაცრი გამონათქვამებით, თუმცა, ამ დისბალანსის მიღმა უფრო გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი - ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა დგას, - წერს გამოცემა POLITICO.

ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის წახალისება, მისი ეკონომიკური რეინტეგრაცია და ამერიკული ინვესტიციებით უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში, შეცვლის მსოფლიო წესრიგს და რუსეთს ჩინეთის გავლენისგან დააშორებს.

ეს სარისკო ნაბიჯია - რაც უკრაინელებში დიდ შეშფოთებას იწვევს - თუმცა იგი ხაზს უსვამს ადმინისტრაციის რწმენას, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინაშე მდგარი უდიდესი გეოპოლიტიკური საფრთხე ჩინეთია და არა პუტინის რუსეთი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადმინისტრაციას ზავი სურს, ეს ნათლად ხსნის, თუ რატომ განაგრძობს პრეზიდენტის გუნდი გარღვევის გზების ძიებას 15-თვიანი უშედეგო მოლაპარაკებებისა და პროცესიდან გასვლის შესახებ არაერთი მუქარის მიუხედავად.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომელმაც მიმდინარე მოლაპარაკებების განსახილველად ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განაცხადა, რომ რუსეთთან „უფრო მეტად დაახლოების გზის“ პოვნამ შესაძლოა შექმნას „ჩინეთთან ძალთა განსხვავებული ბალანსი, რაც ძალიან ხელსაყრელი იქნება“.

ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ამ გეგმას წარმატების მცირე შანსი აქვს - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ პუტინი და ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი ხელისუფლებაში რჩებიან. ხოლო რუსეთისთვის ეკონომიკური სტიმულების მიცემა აშშ-თან დასაახლოებლად, უკრაინისთვის შემაშფოთებელია - განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც დიპლომატიური საკითხების განსახილველად ანონიმურობის პირობით ისაუბრა.