1773857175
ტულსი გაბარდი: ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა დიდწილად დეგრადირებულია
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა სენატის დაზვერვის კომიტეტს განუცხადა, რომ „ირანის რეჟიმი ხელუხლებელი ჩანს, თუმცა მისი ხელმძღვანელობისა და სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დიდწილად დეგრადირებულია“.
„მისი კონვენციური სამხედრო ძალის შესაძლებლობები დიდწილად განადგურებულია, რამაც მას შეზღუდული არჩევანი დაუტოვა. ირანის სტრატეგიული პოზიცია მნიშვნელოვნად დეგრადირებულია“, - განაცხადა მან.
„ირანის რეჟიმის შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ირანის ეკონომიკის გაუარესებასთან ერთად, შიდა დაძაბულობა, სავარაუდოდ, გაიზრდება“, - აღნიშნა გაბარდმა.
გაბარდმა ასევე გააფრთხილა კომიტეტი, რომ სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, თუ ირანში „მტრული“ რეჟიმი გადარჩება, „ის, სავარაუდოდ, შეეცდება დაიწყოს მრავალწლიანი ძალისხმევა საკუთარი სამხედრო რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ძალების აღსადგენად“.











