საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
პეკინში ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა სი ძინ პინს განუცხადა, რომ მომდევნო წელს რუსეთში ელოდება და აღნიშნა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას.
„როგორც ვიცით, ჩინეთში ამბობენ: „ერთი დღით განშორება სამ შემოდგომას ჰგავს“. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ, როგორც პირადად, ისე ჩვენი თანაშემწეებისა და მთავრობების მეშვეობით. სიამოვნებით ვიხსენებ, თუ როგორ მივიღეთ შარშან ერთად მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღნიშვნის ზეიმში. 25 წლის წინ ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ამ ფუნდამენტურ სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს, რომელიც ყველა სფეროში თანამშრომლობის საფუძვლად გვემსახურება და დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.
თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ დონემდე მიღწევის მიზეზი ის არის, რომ მათ შეუძლიათ, გააღრმავონ საერთო პოლიტიკური ნდობა და სტრატეგიული თანამშრომლობა.
„ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაცია რთული და არასტაბილურია, ცალმხრივი ჰეგემონიით. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და მნიშვნელოვანმა მსოფლიო ძალებმა, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა შეიმუშავონ გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და ითანამშრომლონ უფრო სამართლიანი და თანასწორი გლობალური მმართველობის სისტემის შესაქმნელად“, – აღნიშნა სი ძინ პინმა.