ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა დეტალის განსახილველად. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და არსებითი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ზარი თავდაპირველად ორმხრივი იყო, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები შეურთდნენ. სატელეფონო საუბარი, ჯამში, საათ-ნახევარი გაგრძელდა, საიდანაც ერთი საათი დაეთმო ტრამპისა და ზელენსკის ორმხრივ საუბარს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ.

„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მაქსიმალური ძალისხმევით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა ინფორმაცია მომაწოდა რუსეთის ლიდერთან შეხვედრისა და მათი მოლაპარაკებების ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სიძლიერეს გავლენა ჰქონდეს სიტუაციის განვითარებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა შესაძლებელია ლიდერების დონეზე და ამისთვის სამმხრივი ფორმატი შესაფერისია. ორშაბათს მე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, რათა ამერიკასთან ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ყველა პარტნიორთან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.