„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი თანამდებობას ტოვებს მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა და სამთავრობო კოალიცია დაიშალა.
მთავრობის ორსაათიანი საგანგებო შეხვედრის შემდეგ სხოოფმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამჟამად ის შესაბამის განაცხადს ნიდერლანდების მეფეს, ვილემ-ალექსანდერს წარუდგენს.
სხოოფის განცხადებით, ახალი მთავრობის დანიშვნამდე ის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს. მან ულტრამემარჯვენე პარტიის სამთავრობო კოალიციიდან გასვლას უპასუხისმგებლო და არასაჭირო უწოდა.
მთავრობის დაშლა ნიდერლანდებში, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს. არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბრამდე გაიმართება.
ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ დღეს განაცხადა, რის შედეგადაც მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. „თავისუფლების პარტიის“ კოალიციიდან გასვლის მიზეზი მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმოება გახდა. ანტიისლამური და მიგრანტების მოწინააღმდეგე ხეერტ ვილდერსის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ ნიდერლანდებში 2023 წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მას სხვა პარტიებთან გაერთიანება დასჭირდა. კერძოდ, მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური შეთანხმება ლიბერალურ-კონსერვატიულ „თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიასთან“, „ახალ სოციალურ კონტრაქტთან“ და „მოქალაქე ფერმერების მოძრაობასთან“ შექმნა.