1693764619
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს აშშ-გან უკრაინისთვის მეტი იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის „რამშტაინის“ შეხვედრის დროს ალიანსის წევრებს აშშ-გან უკრაინისთვის მეტი იარაღის შესყიდვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ნატოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის დროს რუტემ ნატოს თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართა და გააცნო ინიციატივა, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გასულ კვირას გააჟღერა. ინიციატივა უკრაინისთვის ევროპასა და კანადაში მოკავშირეების ინვესტიციების ხარჯზე ამერიკული იარაღის შესყიდვას გულისხმობს.
როგორც გენმდივანმა აღნიშნა, უკრაინისთვის მეტი იარაღის შესყიდვით ნატოს წევრ ქვეყნებს ერთდროულად სამი საკვანძო საკითხის მოგვარება შეეძლებათ: სამხედრო ხარჯების გაზრდა, სამხედრო წარმოების გაფართოება და უკრაინის მხარდაჭერა.