მსოფლიოში, ყველაზე ხანგრძლივი საცობი 12 დღე გაგრძელდა და 100 კილომეტრს მოიცავდა - ფოტო

საცობი

2010 წელს, ჩინეთის გზატკეცილ 110-ზე ათასობით მანქანა გაჩერდა, რამაც შექმნა ახლა უკვე ცნობილი საცობი, რომელიც 12 დღე გაგრძელდა და 100 კილომეტრზე მეტ სიგრძეზე იყო გადაჭიმული.

ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საცობის იდენტიფიცირება რთულია, რადგან ის გათვალისწინებულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, გინესის მსოფლიო რეკორდების თანახმად , ყველაზე ხანგრძლივი საცობი 1990 წელს, აღმოსავლეთ-დასავლეთ გერმანიის საზღვარზე მოხდა და მასში 18 მილიონი მანქანა იყო გაჩერებული. თუ მანძილზე ვსაუბრობთ, ამა წლის თებერვალში უტარ-პრადეშიში მომხდარი საცობი შეიძლება ყველაზე ხანგრძლივად ჩაითვალოს. როგორც ამბობენ, ის 300 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და მძღოლები დაახლოებით 48 საათის განმავლობაში იყვნენ გაჭედილები. თუმცა, თუ დროს გავითვალისწინებთ, ჩინეთის ეროვნულ გზატკეცილ 110-ზე არსებულ საცობს ვერაფერი შეედრება, რომელიც 12 დღეს გაგრძელდა და დროებითი ეკონომიკაც კი შექმნა.

ზოგიერთ ადამიანს ვერ წარმოუდგენია საცობში რამდენიმე საათზე მეტი ხნის გატარება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თითქმის ორი კვირის განმავლობაში შუაგულში, ავტომაგისტრალზე ხართ ჩარჩენილი, საკვების, წყლის და მანქანის შეჩერების შესაძლებლობის გარეშე. ეს იყო განსაცდელი, რომელიც ასობით ათასმა მძღოლმა განიცადა 2010 წლის აგვისტოში, ჩინეთის ეროვნული მაგისტრალის 110-ე მონაკვეთზე საცობის დროს.

ყველაფერი 14 აგვისტოს დაიწყო, როდესაც სამშენებლო სამუშაოებისა და გადატვირთული მოძრაობის კომბინაციამ ისეთი შეფერხება შექმნა, როგორიც ჩინეთს არასდროს განუცდია.პეკინში ქვანახშირისა და სამშენებლო მასალების გადამტანი სატვირთო მანქანები ბლოკავდნენ ავტომაგისტრალს, რომელიც ისედაც ნაწილობრივ დახურული იყო რემონტის გამო. ამას დაუმატეთ მცირე ზომის მანქანების მოძრაობის მკვეთრი ზრდა. სანამ ხელისუფლება მიხვდებოდა, თუ რა მოხდა და სხვა გზებიდან შემომავალ მოძრაობას გადაკეტავდა, ასობით ათასი ადამიანი უკვე 100 კილომეტრის მანძილზე იყო ჩარჩენილი.

ავტომაგისტრალის გასწვრივ ადგილობრივებმა სწრაფად ისარგებლეს სიტუაციით და მაღაზიები გახსნეს, სადაც საკვებს, წყალს და სიგარეტს კატასტროფულ ფასებში ყიდდნენ. მაგალითად, იმ დროს წყლის ბოთლი 1 იუანად იყიდებოდა, მაგრამ საცობის ადგილას 15 იუანი ღირდა.

ხელისუფლებამ საცობების განტვირთვა პეკინში, განსაკუთრებით ღამით, მეტი სატვირთო მანქანის შეშვებით სცადა, თუმცა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საცობის გაქრობას მაინც 12 დღე დასჭირდა. ჩინეთის ეროვნული გზატკეცილი 110-ის საცობი იმდენად დიდი იყო, რომ ვიკიპედიის საკუთარი გვერდიც კი გამოჩნდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად არ არის აღიარებული მსოფლიოში ყველაზე გრძელ საცობად, ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ის ამ ტიტულს იმსახურებს.