მოლდოვა ევროკავშირს მოუწოდებს, დააჩქაროს მისი გაწევრიანება და ამავდროულად, სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში - POLITICO

მოლდოვა

მოლდოვა ევროკავშირს მოუწოდებს, დააჩქაროს მისი გაწევრიანება და ამავდროულად, სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

ევროპული ინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერის, კრისტინა გერასიმოვის განცხადებით, მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია არ არის თავად ქვეყნისთვის, არამედ მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ევროპის უსაფრთხოებაშიც.

„მოლდოვის გაწევრიანება ხშირად აღიქმება როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია და ასეც არის, თუმცა ეს ასევე წარმოადგენს სტრატეგიულ ინვესტიციას თავად ევროპის უსაფრთხოებაში“, – განაცხადა გერასიმოვმა.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველმა, სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ მოლდოვას აქვს უნიკალური გამოცდილება და მზად არის, გაუზიაროს იგი სხვა ქვეყნებს არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩვენ გვაქვს უნიკალური გამოცდილება, პრაქტიკაში გამოცდილი მეთოდები რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ“, – აღნიშნა სეკრიერუმ.

მისივე თქმით, მოლდოვამ უკვე გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ევროკავშირის იმ ქვეყნებს, სადაც არჩევნები ახლოვდება და ჩარევის რისკი არსებობს.

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის საკითხებში მრჩევლის, ოლგა როსკას თქმით, ქვეყანა ერთგვარი „სიგნალის მიმცემია“ სხვა სახელმწიფოებისთვის.

„არჩევნები რუსეთისთვის ყველაზე მარტივი გზაა გავლენის მოსაპოვებლად“, – აღნიშნა როსკამ.

როგორც მედია იუწყება, მომავალ წელს არჩევნები დაგეგმილია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში.