მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს დათმობებზე მოუწევთ წასვლა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს „დათმობებზე მოუწევთ წასვლა“ და რომ ამ მოლაპარაკებების ნაწილი „აშკარად ტერიტორია იქნება“.

„ისინი [უკრაინელები] უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ ომის დასრულების შემდეგ, ისეთ მდგომარეობაში იქნებიან, რომ ვეღარასოდეს მოხდება მათი ანექსია. არ ვიცი, რატომ არის ამის გაგება ბევრი ადამიანისთვის ასეთი რთული“, - განაცხადა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომლის მიზანიც ომის ან კონფლიქტის დასრულებაა, „ორივე მხარეს მოუწევს მიღება, მაგრამ ასევე გაცემა... თითოეულ მხარეს მოუწევს გარკვეული დათმობები, და აშკარაა, რომ ტერიტორია, ანუ ის, თუ სად გავა ხაზები, სადაც ომი შეჩერდება, ამ საუბრის ნაწილი იქნება“.