მარგუს ცაჰკნა: რუსეთის მორიგი სისასტიკე ოდესაში, „ღრმა შეშფოთების“ შესახებ სიტყვები საკმარისი არ არის, სანქციების ახალი პაკეტის არქონით რუსეთს ვაძლევთ საშუალებას, გააგრძელოს მკვლელობა

 მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, სანქციების ახალი პაკეტის დაწესების გარეშე, რუსეთს ბავშვების მკვლელობის გაგრძელების საშუალება ეძლევა.

„რუსეთის მორიგი სისასტიკე ოდესაში. ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა სახლებზე, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას ეძინა – დაიღუპა ახალგაზრდა დედა, მისი ორი წლის შვილი და სხვები, ხოლო მრავალი ადამიანი დაშავდა. „ღრმა შეშფოთების“ შესახებ სიტყვები საკმარისი არ არის. ვიდრე რუსული ნავთობისა და გაზის დაფინანსება გრძელდება, ეს ტერორიც გრძელდება. სანქციების ახალი პაკეტის გარეშე, ჩვენ რუსეთს ვაძლევთ საშუალებას, გააგრძელოს ბავშვების მკვლელობა. დუმილი და გულგრილობა ადამიანების სიცოცხლის ფასად გვიჯდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოდესაზე თავდასხმას სამი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.