კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

კრეტა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ძლიერი ქარის შედეგად ხანძარი უფრო სწრაფად გავრცელდა და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 155 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 38 სახანძრო მანქანა მუშაობს, ასევე ჩართულია ვერტმფრენიც.

ხანძრის შედეგად გავრცელებულმა სქელმა კვამლმა ზოგ ტერიტორიაზე ხილვადობა თითქმის ნულამდე დაიყვანა.

პოლიციამ აგია ფოტიას დასახლებასთან ახლოს მდებარე მთავარი გზა გადაკეტა და მცხოვრებლებსა და ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ  მგზავრობისგან თუ ამის საჭიროება არ აქვთ, ჰაერის სახიფათო ხარისხის, უკიდურესი სიცხისა და ფერფლის გამო. კვამლის შესუნთქვით გამოწვეული სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს ოთხი ადამიანი.

ამ დროისთვის, მიმდებარე დასახლებებიდან და ტურისტული ზონებიდან დაახლოებით 1 500 ადამიანია ევაკუირებული.