თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1778523213
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერების პირობას დებს. კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის წინა მთავრობამ ევროპასთან ურთიერთობები დაანგრია, ლეიბორისტების მთავრობა კი მის აღდგენას უზრუნველყოფს.
სტარმერის თქმით, ბრიტანეთი უფრო ძლიერი იქნება ეკონომიკაში, ვაჭრობასა და თავდაცვაში.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ევროკავშირთან ახალი ურთიერთობის ცენტრში „ამბიციური“ ახალგაზრდული სქემა იქნება, რათა ბრიტანეთის ახალგაზრდებმა ევროპაში მუშაობა, სწავლა და ცხოვრება შეძლონ.
სტარმერის განცხადებით, იმედგაცრუება არსებობს, მაგრამ, მისივე თქმით, აქვს „პასუხისმგებლობა, განახორციელოს ცვლილებები“, რისთვისაც ლეიბორისტული პარტია აირჩიეს. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შემდეგ სამიტზე დიდი ბრიტანეთი „ბრიტანეთისთვის ახალ მიმართულებას“ განსაზღვრავს.
„გასულ კვირას არჩევნების შედეგები რთული იყო, ძალიან რთული. ჩვენ დავკარგეთ ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე ბრწყინვალე წარმომადგენლის ადგილი. ეს მტკივნეულია და ეს უნდა იყოს მტკივნეული. მესმის, ვგრძნობ და პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ საქმე არ ეხება მხოლოდ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებას. საქმე ეხება პასუხისმგებლობის აღებას იმის ახსნისას, როგორ ვიქნებით უკეთესები, როგორც პოლიტიკური და საარჩევნო ძალა, და როგორ გავაუმჯობესებთ საქმიანობას მომდევნო თვეებსა და წლებში. ჩვენ არა მხოლოდ სახიფათო დროების, არამედ საშიში ოპონენტების წინაშე ვდგავართ, ძალიან საშიში ოპონენტების წინაშე. ეს მტკივნეულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ ცუდად იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ ვითარებას თუ არ გამოვასწორებთ, ჩვენი ქვეყანა ძალიან ბნელ გზას დაადგება“, – განაცხადა კირ სტარმერმა.