ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ღაზა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

მათივე ცნობით, ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან ჯარებმა „დაიწყეს პოზიციების დაკავება განახლებული განლაგების ხაზებზე“.

„ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ჯარები განლაგებულნი არიან ტერიტორიაზე და გააგრძელებენ ნებისმიერი საფრთხის აღმოფხვრას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. „ჰამასი“ გაათავისუფლებს ყველა ისრაელელ მძევალს. ისრაელის მთავრობის ცნობით, ეს შეიძლება კვირას ან ორშაბათს მოხდეს.

როგორც კი „ჰამასის“ მხრიდან ყველა მძევალი გათავისუფლდება, ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ისრაელის ციხეებში იმყოფებიან, ასევე ღაზის სექტორის 1 700 მცხოვრებელს, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს. ამასთან, ორივე მხარის ცნობით, ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარება დღეში 600 სატვირთო მანქანამდე გაიზრდება.