ისრაელი არ დაუშვებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ღაზაში - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

გიდეონ საარი

ისრაელი აშშ-ის გეგმის ფარგლებში, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე ომის სამუდამოდ დასრულებას ისახავს მიზნად, არ დაუშვებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ღაზაში, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, დონალდ ტრამპის გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო ძალების განლაგებას ღაზაში, რათა უზრუნველყოს მიმდინარე თვეში დაწყებული მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება.

„ქვეყნები, რომლებსაც სურთ ან მზად არიან შეიარაღებული ძალების გაგზავნისთვის, სულ მცირე, სამართლიანები უნდა იყვნენ ისრაელის მიმართ. ერდოღანის ხელმძღვანელობით ისრაელის მიმართ თურქეთმა მტრული მიდგომა აირჩია, ამიტომ ჩვენთვის გონივრული არ არის მათი შეიარაღებული ძალების ღაზის სექტორში შეშვება და ამას არ დავეთანხმებით. ეს ამერიკელ მეგობრებსაც ვუთხარით“, – განაცხადა საარმა.

„როიტერის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გამორიცხა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა ღაზის სექტორში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ინდონეზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტესთან, კატართან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელიც ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალები უნდა შედგებოდეს „იმ ქვეყნებისგან, რომლებთანაც ისრაელი კომფორტულად იგრძნობს თავს“.