ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი: ირანი არასდროს დათმობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს

დორმუზის სრუტე

ირანი არასდროს დათმობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ აზიზიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არასდროს. ეს ჩვენი განუყოფელი უფლებაა. ირანი თავად გადაწყვეტს გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში“, – განაცხადა აზიზიმ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მალე კანონად გადაიქცევა.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, რომელიც ეფუძნება კონსტიტუციის 110-ე მუხლს და მოიცავს გარემოს დაცვას, საზღვაო უსაფრთხოებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. შეიარაღებული ძალები ამ კანონს აღასრულებენ“, – განაცხადა აზიზიმ.

აზიზიმ ჰორმუზის სრუტე „ირანის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბერკეტად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ თეირანი მას ხედავს, როგორც გრძელვადიან პოლიტიკურ იარაღს.

ამასთან, „ბიბისისთან“ ინტერვიუში აზიზიმ უარყო რეჟიმის შიგნით რაიმე სახის უთანხმოების არსებობა.

„მე დიდს არაფერს ველოდები იმ კაცისგან, რომელიც სიმართლეს ამახინჯებს. ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს უფლებებს ამერიკული შანტაჟის წინაშე“, – განაცხადა აზიზიმ.