ინდოეთში იმ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი დააკავეს, რომლის წარმოებულ ხველების საწინააღმდეგო სიროფს 17 ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებენ

ინდოეთი

ინდოეთის პოლიციამ იმ ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი დააკავა, რომლის მიერ წარმოებულ ხველების საწინააღმდეგო სიროფს ქვეყანაში, სულ მცირე, 17 ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საუბარია კომპანია Sresan Pharma-ს ხველების საწინააღმდეგო სიროფ „ქოლდრიფზე“.

ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები გასულ თვეში მადჰია პრადეშის შტატში დაფიქსირდა.

გარდაცვალებას წინ უძღოდა ხველების საწინააღმდეგო წამლის მიღება, რომელიც შეიცავდა ტოქსიკურ დიეთილენგლიკოლს დასაშვებ ზღვარზე, თითქმის 500-ჯერ მეტი რაოდენობით.

გარდაცვლილი ბავშვები ხუთ წელზე ნაკლები ასაკის იყვნენ, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა „ქოლდრიფის“ სიროფის მიღებას, რომელიც ინდოეთის რამდენიმე რეგიონში აკრძალეს, რადგან მასში ტოქსიკური ნივთიერების შემცველობა გამოვლინდა.

ინდოეთში ხველების საწინააღმდეგო სიროფის ექსპორტისთვის 2023 წლიდან საჭიროა სახელმწიფო ლაბორატორიებში დამატებითი ტესტირება მას შემდეგ, რაც ინდურ სიროფებს გამბიაში, უზბეკეთსა და კამერუნში 10-ზე მეტი ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა დაუკავშირეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო შემთხვევები ადასტურებს ინდოეთში შიდა ბაზარზე გასაყიდი მედიკამენტების შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მედიკამენტის ექსპორტი შესაძლოა, არაოფიციალურად ხორციელდებოდეს.

ინდოეთის ხელისუფლებამ მიმდინარე კვირაში ასევე მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ადგილობრივი წარმოების ორი სახეობის სიროფის – „რესპიფრეშისა“ და „რელაიფის“ მიღებისგან მას შემდეგ, რაც აღნიშნული სიროფების შემადგენლობაში იგივე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება აღმოჩნდა. ინდოეთი აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელია.