აშშ-მა სანქციები დაუწესა სერბულ ნავთობკომპანია NIS-ს, რომლის უდიდეს წილს რუსული „გაზპრომი“ ფლობს

ნისი გაზპრომი

აშშ-მა სანქციები დაუწესა სერბულ ნავთობკომპანია NIS-ს, რომლის უდიდეს წილს რუსული „გაზპრომი“ ფლობს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციის გამო, ქვეყანას მძიმე შედეგები ელოდება, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ერთ კომპანიას. მისივე თქმით, ნავთობის მიწოდების გარეშე, NIS-ი მუშაობის გაგრძელებას პირველ ნოემბრამდე შეძლებს.

აშშ-მა კომპანია NIS-ის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ იანვარში დააწესა, როდესაც რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გამოცხადდა. თუმცა აღნიშნული შეზღუდვების ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო.

NIS-ი სერბეთში უმსხვილესი ნავთობიმპორტიორია და ევროპაში რუსეთის ერთ-ერთი უკანასკნელი ენერგეტიკული აქტივი.

მილსადენ JANAF-ის ოპერატორმა, რომლითაც NIS-ი ნედლი ნავთობის ძირითად ნაწილს ხორვატიიდან იღებს, უკვე განაცხადა, რომ მათ სერბეთში ენერგორესურსების მიწოდება შეწყვიტეს.

როგორც მედია წერს, NIS-ის აქციების 29,9% სერბეთის მთავრობა ფლობს, 44,9%-ის წილის მფლობელია „გაზპრომ ნეფტი“, ხოლო 11,3%-ს გაზპრომის საინვესტიციო დანაყოფი.

კომპანია NIS-მა შეატყობინა თავის მომხმარებლებს, რომ ისინი ვერ შეიძენენ საწვავს American Express-ის, Mastercard-ის ან Visa-ს ბარათებით.