1777408590
„ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალებში ადასტურებენ, რომ სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
მათი განცხადებით, გვირაბები ტერორისტული დაჯგუფების მიერ ირანის „პირდაპირი ხელმძღვანელობით“ აშენდა.
ამასთან, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გვირაბები ათწლეულის განმავლობაში შენდებოდა, მათი სიღრმე დაახლოებით 25 მეტრი იყო.
ამასთან, ორი გვირაბი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, ჯამში, დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძისაა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მოსაზრებით, მიწისქვეშა გვირაბები „ჰეზბოლას“ წევრების თავშესაფარს წარმოადგენდა, ასევე, გვირაბში ისინი გამოძახების დროს იკრიბებოდნენ, იღებდნენ აღჭურვილობას და ემზადებოდნენ ისრაელის ქალაქებზე თავდასხმისთვის.











