ამინდი მკვეთრად იცვლება - ნახეთ განახლებული პროგნოზი
1746699950
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გაზქურების მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ქიმიკატები, კერძოდ ბენზოლი, შესაძლოა, კიბოს იწვევდეს. ბენზოლი ბუნებრივი გაზისა და პროპანის წვისას წარმოიქმნება და უკვე დამტკიცებულია, რომ იგი კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
სტენფორდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ, გაზქურებიდან ბენზოლის გამოყოფის მაჩვენებელი 87 სახლში გაზომა. მათ აგრეთვე გააანალიზეს გაზის მოძრაობა საცხოვრებელ სახლებში და ჩაატარეს კომპიუტერული მოდელირება იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიძლება ბენზოლი ვრცელდებოდეს.
მონაცემების მიხედვით, იმ სახლებში სადაც გაზქურა ყველაზე მეტ ბენზოლს გამოყოფდა და ვენტილაცია ყველაზე სუსტი იყო, კიბოს გამოწვევის რისკი მნიშვნელოვნად მატულობდა, განსაკუთრებით ბავშვებში. მონაცემების მიხედვით, ბავშვების შემთხვევაში მთელი ცხოვრების განმავლობაში კიბოს რისკი 1.85-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილებში.
„ბუნებრივი გაზისა და პროპანის გაზქურები წვისას ბენზოლს გამოყოფს. ბენზოლი კანცეროგენური ნივთიერებაა. ამ კვლევამ შეაფასა ბენზოლის ზემოქმედება მოსახლეობის მასშტაბით და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები იმ 6.3 მილიონი ამერიკელისთვის, რომლებიც იყენებენ ბენზოლის გამოყოფის მაჩვენებლით ყველაზე უარეს გაზქურებს," - წერენ მკვლევრები მათ მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში.
კვლევამ მრავალი მონაცემი მოიცვა. როგორც მოსალოდნელი იყო, კიბოს რისკი უფრო მაღალი იყო ბინებსა და მცირე ზომის სახლებში. ბენზოლი ხშირად ისე შორს ვრცელდებოდა, რომ საძინებლებსაც კი აღწევდა, რაც დამატებითი საფრთხეა, ვინაიდან ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ საძინებლებში ვატარებთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, მიღებული კიბოს რისკი მილიონში ერთია, ანუ თუ მილიონი ადამიანი აღნიშნული რაოდენობით ბენზოლს მოიხმარს, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება დაავადდეს კიბოთი.
ბენზოლის კონცენტრაციის ცვლილება სხვადასხვა ოთახში დროთა განმავლობაში: სამზარეულო (მარცხენა ზედა), მისაღები (მარჯვენა ზედა), და ორი საძინებელი (ქვედა მარცხენა და მარჯვენა).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები ყველაზე უარესი სცენარებისთვისაა დამახასიათებელი, მაშინ როდესაც ბენზოლის გამოყოფა მაქსიმალურია და ვენტილაცია მინიმალური. ამის მიუხედავად, სწორედ ამ ფაქტმა უნდა მიგვანიშნოს შესაძლო საფრთხეზე, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებსაც სხეულის წონა ნაკლები აქვთ და სუნთქვის სიხშირე - უფრო მაღალი.
„ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავდებოდეს სახლის ზომის, ამინდის, გამწოვის გამოყენების, ვენტილაციის და სხვა საცხოვრებელი ფაქტორების მიხედვით," - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ვენტილაციის გაუმჯობესება (თუნდაც ფანჯრის გაღება) და გაზქურების გამოყენების შემცირება მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. სწორედ ამაზე სურთ მკვლევრებს ყურადღების გამახვილება.
„ეს კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ აუცილებლობას, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მივაქციოთ მეტი ყურადღება წვასთან დაკავშირებულ ჰაერის შიდა დამაბინძურებლებს, განსაკუთრებით იმ სახლებში, სადაც ვენტილაცია შეზღუდულია," - წერენ მკვლევრები.