1747422287
გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ლონდონში გამართულ პირველ ერთობლივ სამიტზე ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი „ბრექსითის“ შემდეგ ლონდონში გამართულ პირველ ერთობლივ სამიტზე ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მონაწილეობით გამართულ სამიტზე ლიდერებმა რამდენიმე სფეროში შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის სურსათთან, მეთევზეობასთან, თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან, საპასპორტო კონტროლთან დაკავშირებით.
ამ შეთანხმებას წინ უსწრებდა მრავალთვიანი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ევროკავშირთან შეთანხმებას „ახალი ერა“ უწოდა.
„ბრიტანეთი მსოფლიო არენაზე ბრუნდება. მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ჩვენ გავაფორმეთ სავაჭრო შეთანხმებები ინდოეთთან და აშშ-სთან“, – განაცხადა სტარმერმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კი შეთანხმება ისტორიულ მომენტად შეაფასა.
„ჩვენ ვშლით ახალ ფურცელს. ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს უნიკალურ ურთიერთობაში. ეს არის ამბავი ისტორიული და ბუნებრივი პარტნიორების შესახებ, რომლებიც გვერდიგვერდ დგანან გლობალურ სცენაზე, ერთნაირი გამოწვევების წინაშე, მიისწრაფიან ერთსა და იმავე მიზნებისკენ, არიან თანამოაზრეები, იზიარებენ ერთსა და იმავე ფასეულობებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ანტონიუ კოშტას თქმით, ეს არის თავი, განახლებული და გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის დასაწყისი.
„დღეს მიღწეული შეთანხმებები არის არა მხოლოდ პროგრესი, არამედ გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ახალი თავი, განახლებული, გაძლიერბებული სტრატეგიული პარტნიორობის დასაწყისი“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ.
ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების შეთანხმება აღნიშნულ სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ასევე, ბრიტანულ კომპანიებს მისცემს წვდომას ევროკავშირის გადაიარაღების პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 150 მილიარდ ევრომდეა.
კიდევ ერთი შეთანხმებით, ბრიტანეთმა ევროპელ მეთევზეებს თავის წყლებზე წვდომა გაუგრძელა, რომლის ვადაც 2026 წელს იწურებოდა. ევროკავშირი უვადო წვდომას ითხოვდა, ბრიტანელები კი სთავაზობდნენ ხუთი წლით გახანგრძლივებას. საბოლოოდ მხარეები მეთევზეებისთვის წვდომის 12 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, ანუ 2028 წლამდე. სანაცვლოდ, ევროკავშირი დათანხმდა ცხოველური და მცენარეული პროდუქციის ბრიტანელი ექსპორტიორებისთვის საზღვარზე კონტროლის შემსუბუქებაზე. ამას გარდა, ბრიტანეთის მოქალაქეები ევროკავშირში მოგზაურობისას საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურით (E-Gate) სარგებლობას შეძლებენ.