ფრიდრიხ მერცი: რუსეთი არის და დიდხანს დარჩება ევროპის უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთი არის და დიდხანს დარჩება ევროპის უსაფრთხოების უდიდეს საფრთხედ.

მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის მთავრობამ სამხედრო სამსახურის ნებაყოფლობითი სისტემის შემოღების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

ამ სისტემამ შესაძლოა სავალდებულო გაწვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ რეკრუტირების მიზნები არ შესრულდება.

კანონპროექტი პარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს.

გერმანიას სურს, რომ 2030-იანი წლების დასაწყისისთვის აქტიური სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 180,000-დან 260,000-მდე გაზარდოს, რათა ნატოს ახალ მოთხოვნებს უპასუხოს და თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს.

ეს გეგმა ქვეყნის სამხედრო ხარჯების ზრდასაც ითვალისწინებს.