ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ათი დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვასა და ასამდე თანამშრომლის გათავისუფლებას - „პოლიტიკო“

კაია კალასი

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ათი დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვასა და 100-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. აღნიშნულის მიზეზი ბიუჯეტის შემცირება და ფართო რესტრუქტურიზაციაა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმირების გეგმა ევროკომისიას უკვე წარუდგინა და თანხმობაც მიიღო. რეფორმა მომდევნო ორ წელიწადში განხორციელდება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, შემცირება შეეხება ისეთ ქვეყნებში მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რომელთა მიმართაც ევროკავშირს დიდი ინტერესი აღარ აქვს. მაგალითად, სტატიაში დასახელებულია ბელარუსი და ლესოტო.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის პრიორიტეტები იცვლება და განვითარებაში დახმარების ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული ინტერესების რეალიზაცია. საუბარია ისეთ ინტერესებზე, როგორიცაა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების კონტროლი ან თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის რესურსი სწორედ ამ ახალი პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდება.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მართალია, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის 144 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან არცერთის დახურვა არ იგეგმება, თუმცა მათგან ათი მინიმალურ საბაზისო შემადგენლობამდე შემცირდება და დელეგაციის შემადგენლობაში დარჩება მხოლოდ ელჩი და მისი ორი თანაშემწე. ამ დიპლომატიურ უწყებებში მომუშავე ადგილობრივი პერსონალი თანმიმდევრულად გათავისუფლდება.

„პოლიტიკოს“ ცნობით, 100 თანამშრომელს სამსახურიდან ეტაპობრივად გაათავისუფლებენ 2026 და 2027 წლებში.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში რესტრუქტურიზაცია საბიუჯეტო შეზღუდვების ფონზე ხდება, რომელიც ასევე ეხება ევროკავშირის სხვა სტრუქტურებსაც. აღსანიშნავია, რომ მანამდე „პოლიტიკო“ იუწყებოდა უფრო მასშტაბური რეფორმის შესახებ, რა დროსაც ევროკავშირის საგარეო უწყებიდან 800 ადამიანი უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ახალი ვერსია შედარებით მსუბუქ მიდგომას გულისხმობს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ რეფორმა პირველ წელს ევროკავშირს 20 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა მომდევნო სამ წელიწადში საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად 9 მილიონი ევრო დაზოგოს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური 2011 წელს დაარსდა და ფოკუსირებული იყო ძირითადად განვითარებისათვის საჭირო დახმარებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამჟამად ამ უწყებაში მსოფლიო მასშტაბით 5 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ახლა მათ მოვალეობაში შედის ურთიერთობა ადგილობრივ მთავრობებთან, ევროკავშირის დაფინანსებისა და გრანტების გაცემა, ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი მისიები, როგორიცაა კონფლიქტის ზონების მონიტორინგი.