ქალი მეხუთე სართულიდან გადახტა, რათა ხანძრისგან თავი დაეღწია და გადარჩა
1746209957
Financial Times-სთან ინტერვიუში, ევროკავშირის ვაჭრობის საკითხებში კომისარმა, მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა აშშ-სგან იმპორტის მოცულობის €50 მილიარდით გაზრდოს, რათა სავაჭრო ურთიერთობაში არსებული სავაჭრო დეფიციტის "პრობლემა" მოაგვაროს.
FT-სთან ინტერვიუში შევჩოვიჩმა მიანიშნა, რომ ევროკავშირი სამართლიან შეთანხმებაში თავის პროდუქციაზე აშშ-ს მხრიდან 10%-იანი ტარიფის შენარჩუნებას არ მიიღებს.
შევჩოვიჩმა ინტერვიუში თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის გზაზე ევროკავშირი გარკვეულ პროგრესს აღწევს.
მისი თქმით, მთავარი არგუმენტი, რომელსაც ის აშშ-ის ვაჭრობის წარმომადგენელ ჯეიმისონ გრირსა და ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკს წარუდგენდა, იყო ის, რომ სავაჭრო დეფიციტის დათვლისას უნდა გათვალისწინებულიყო ამერიკული სერვისების ექსპორტი ევროკავშირში, რაც მთლიან დეფიციტს ევროპასთან დაახლოებით €50 მილიარდამდე შეამცირებდა.
"თუ იმ პრობლემას, რაც დეფიციტში არსებობს, 50 მილიარდ ევროდ ვაფასებთ, მჯერა, რომ ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შეგვიძლია - თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, როგორიცაა სოიო, იმპორტით ან სხვა საშუალებებით" - თქვა შევჩოვიჩმა.
შევჩოვიჩმა აღნიშნა, რომ ისეთი შეთანხმების მიღწევა "ძალიან რთული" იქნება, რომელიც "ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტისთვის მისაღები იქნება".
ევროკავშირი ასევე მზადაა ითანამშრომლოს აშშ-სთან ჩინეთის ექსპორტის ზრდის გავლენის შესარბილებლად, რაც სავაჭრო შეთანხმებისთვის დამატებით სტიმულად განიხილება, განაცხადა ვაჭრობის კომისარმა.
ცნობისთვის, 2 აპრილს ტრამპმა 180-ზე მეტი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ტარიფები გამოაცხადა. სიაში მყოფ ყოველ ქვეყანას 10%-იანი "საბაზისო", ხოლო მათგან აშშ-ს 70-ზე მეტ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს დამატებით "საპასუხო" ტარიფებიც დაუწესდა.
მოგვიანებით, ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებზე დაწესებული "საპასუხო" ტარიფები 90 დღის ვადით შეაჩერა. ძალაში დარჩა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფი, რომელიც ამ დროისთვის, თეთრი სახლის განმარტებით, ჯამში 145%-ს აღწევს.