ემანუელ მაკრონი საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ევროკავშირის დონეზე პროგრესი არ იქნება მიღწეული, საფრანგეთი 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას შეუზღუდავს.

საბერძნეთი, საფრანგეთისა და ესპანეთის მხარდაჭერით, ხელმძღვანელობს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდების მიერ ონლაინ გატარებული დროის შეზღუდვას.

მაკრონმა საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში 14 წლის მოსწავლის მიერ მასწავლებლის მკვლელობის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო სწრაფად მოქმედება სურს.

„ჩვენ ვერ დავიცდით. პლატფორმებს შეუძლიათ ასაკის შემოწმება. მოდით, გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის ზემო მარნის რეგიონის ერთ-ერთი დასახლების სკოლაში, სავარაუდოდ, 14 წლის მოსწავლემ სკოლის ასისტენტი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მოზარდი დაკავებულია და პოლიციაში მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა სკოლის თანამშრომელს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს სკოლებში დამატებითი უსაფრთხოების ჭიშკრების დაყენებას.