დღეს მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიგნალები, რომ მომავალ წელს ისინი ომისთვის ემზადებიან, მნიშვნელოვანია, პარტნიორებმა რეაგირება მოახდინონ – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიგნალები, რომ მომავალ წელს ისინი ემზადებიან ომისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ეს სიგნალები მხოლოდ ჩვენთვის არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა ეს დაინახონ. მნიშვნელოვანია, მათ არა მხოლოდ დაინახონ, არამედ რეაგირება მოახდინონ, კერძოდ, პარტნიორებმა აშშ-ში, რომლებიც ხშირად ამბობენ, თითქოს რუსეთს სურს ომის დასრულება. რუსეთიდან ისმის სულ სხვა რიტორიკა, სხვა სიგნალები, როგორც მათი არმიის ოფიციალური განკარგულებები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსები შეეცდებიან, სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებებით დაფარონ უკრაინის განადგურების სურვილი.

„საჭიროა გადაწყვეტილებები უსაფრთხოების შესახებ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ფინანსური გადაწყვეტილებები, კერძოდ, რუსული აქტივების შესახებ. საჭიროა ყველა ჩვენი პარტნიორის სიმამაცე, რომ დაინახონ, აღიარონ სიმართლე და შესაბამისად იმოქმედონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.