დანიაში დააკავეს ადამიანი, რომელიც გერმანიაში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

დანია

დანიაში დააკავეს ადამიანი, რომელიც გერმანიაში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დანიის მოქალაქე სახელად ალი ს. გასულ კვირას დანიის ქალაქ ორჰუსში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის აგროვებდა ინფორმაციას გერმანიაში ებრაული ობიექტებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ. პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციის შეგროვება შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების მოსაწყობად ხდებოდა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ეჭვმიტანილი ირანის სადაზვერვო სამსახურისგან მითითებებს 2025 წლის დასაწყისიდან იღებდა.

გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ეჭვმიტანილი ფოტოებს უღებდა სახლებს, მათ შორის გერმანულ-ებრაული საზოგადოების ოფისს და მითითებებს იღებდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფისგან, „ყუდსის ძალებისგან“.

გერმანიის პროკურატურაში ამბობენ, რომ დანიიდან გადმოყვანის შემდეგ ეჭვმიტანილი გერმანიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგება.