„დააკავეთ ეს ნაძირლები“ - ტრამპი სამართალდამცველებზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა მომიტინგეები, რომლებიც ქვებსა და აგურებს უშენდნენ საიმიგრაციო კონტროლის (ICE) ოფიცრებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთ მომიტინგეებს „ნაძირლები“ უწოდა და მათი დაკავება მოითხოვა.

„ტეხასიდან ვბრუნდები და გაოცებით ვუყურებდი, როგორ ესროდნენ ბანდიტები ქვებსა და აგურებს ICE-ის ოფიცრებს, როდესაც ისინი მანქანით ან/და ოფიციალური სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობდნენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, მომიტინგეებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენეს სრულიად ახალ სამთავრობო მანქანებს და შეშფოთება გამოთქვა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატული „უპატივცემულობის“ გამო.

ტრამპმა დაავალა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სამართალდამცველებს, დააკავონ ნებისმიერი პირი, ვინც მათ თავს ესხმის ქვებით ან აგურებით, „ამისთვის საჭირო ნებისმიერი საშუალების გამოყენებით“.

„აღარასოდეს მინდა ვიხილო სამართალდამცავი ოფიცრის მანქანაზე თავდასხმა! დაკავებისა და დაპატიმრების უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაცემულია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.