CNN: 2023 წელს, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მთავრობას კორუფციის აღმოსაფხვრელად მეტი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებდა - უკრაინა დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ მიიჩნევა

უკრაინა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველად გაიმართა მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ანტიკორუფციული სააგენტოების შეზღუდვის მცდელობამ გამოიწვია, - წერს ტელეკომპანია CNN.

კრიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი დაბრკოლებებს შეუქმნის ორ უწყებას, უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებისგან კიდევ უფრო დააშორებს.

ევროკავშირმა კიევს მკაფიოდ განუცხადა, რომ გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, მან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მკაცრი ზომები უნდა გაატაროს. 2023 წელს, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მთავრობას კორუფციის აღმოსაფხვრელად მეტი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებდა.

„უკრაინა დიდი ხანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ მიიჩნევა. კორუფციის ბრალდებები წაყენებული აქვს ქვეყნის უმაღლეს ოფიციალურ პირებს, მათ შორის ზელენსკის რამდენიმე ახლო მოკავშირეს, მაგალითად, ყოფილ ვიცე-პრემიერ ოლექსი ჩერნიშოვს“, - აღნიშნულია CNN-ის სტატიაში.

ოპონენტების თქმით, ეს ორი სააგენტო ვეღარ შეძლებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას, რადგან ახალი კანონი გენერალურ პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას, გავლენა მოახდინოს გამოძიებებზე და საქმეები შეაჩეროს კიდეც.

კიევისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ კრიტიკა როგორც უკრაინის შიგნიდან, ასევე გარედან მოდის, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი მთავარი დასავლელი მოკავშირისგან.

„საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და დიდი შვიდეული, ადრე აქებდნენ ზელენსკის მთავრობას ანტიკორუფციული ძალისხმევისთვის. თუმცა, იგივე ორგანიზაციები ახლა გმობენ ახალ კანონს. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ზელენსკის წინასაარჩევნო დაპირება, ქვეყნის კორუფციისგან გათავისუფლების შესახებ, უბრალოდ ცარიელი სიტყვები იყო“, - ნათქვამია სტატიაში.