ჩვენი თაობის მეხსიერებაში პირველად, ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ ერთად - მარიო დრაგი ევროპას აფრთხილებს

მარიო დრაგი

 ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, მარიო დრაგიმ გერმანიის ქალაქ აახენში სიტყვით გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააფრთხილა, - წერს გამოცემა POLITICO.

„ჩვენი თაობის მეხსიერებაში პირველად, ჩვენ ნამდვილად მარტონი ვართ ერთად“, - განაცხადა დრაგიმ.

დრაგიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის გზავნილს, რომ ევროპამ ძალები უნდა მოიკრიბოს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გასამკლავებლად - რეალობასთან, სადაც აშშ „უფრო მეტად მეტოქე და არაპროგნოზირებადი“ გახდა და „შესაძლოა, აღარ იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი“.

„ყველა სტრატეგიული დამოკიდებულება ხელახლა უნდა გადაიხედოს“, - განუცხადა მან აუდიტორიას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მისი მემკვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კრისტინ ლაგარდი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.

მან გააფრთხილა დამსწრენი, რომ „თუკი ღიაობა ჩვენს ერთადერთ პასუხად დარჩება, ეს გადაწყვეტილების არარსებობად იქცევა“.