ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო

ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო

ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური ხომალდი „შენჯოუ-23“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორბიტალურ სადგურ „ტიანგუნს“ წარმატებით მიუერთდა. ბორტზე სამი ტაიკონავტი იმყოფება - მისიის მეთაური და ბორტინჟინერი ჯუ იანჯუ, პილოტი ჯან ჯიუანი და სასარგებლო დატვირთვის სპეციალისტი ლი ძიაინი. მოსალოდნელია, რომ ისინი ჩაანაცვლებენ იმ სამ ტაიკონავტს, რომლებიც სადგურზე 2025 წლის 31 ოქტომბრიდან იმყოფებიან და არაერთ სამეცნიერო ტესტს ჩაატარებენ.

მორიგი მისიის ფარგლებში ტაიკონავტები შეისწავლიან კოსმოსური გამოსხივების გავლენას ადამიანის ფიზიოლოგიაზე, კერძოდ კი იმას, თუ როგორ კარგავს ამ პირობებში ძვლის ქსოვილი სიმკვრივეს და როგორ წარმოიქმნება ფსიქოლოგიური სტრესი. გარდა ამისა, მაისის შუა რიცხვებში „ტიანგუნზე“ გააგზავნეს ბლასტოიდები - უჯრედების ხელოვნური დაგროვებები, რომლებსაც ემბრიონებს ადარებენ.

მოსალოდნელია, რომ ამ მისიის ფარგლებში, „შენჯოუ-23“-ის ერთ-ერთი ტაიკონავტი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთ წელს გაატარებს, რაც ჩინელი კოსმონავტების მისიების ჩვეულებრივ ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. რომელი ტაიკონავტი დარჩება სადგურზე, მოგვიანებით, მისიის მონაწილეებზე დაკვირვების შედეგების მიხედვით განისაზღვრება.