ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ზაფხულამდე გამოცხადდება

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მიმდინარე წლის ზაფხულამდე გამოცხადდება. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მხარეები ახლა „მოლაპარაკებების ინტენსიურ სტადიაში“ იმყოფებიან. სტარმერი მოუწოდებს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს და ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ მსჯელობა დაიწყოს.

სტარმერის თქმით, მას უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის ხილვა არ სურს, რადგან ასეთი გარემოება რუსეთს შესაძლებლობას დაუტოვებს, რათა საბრძოლო მოქმედებები კვლავ განაახლოს. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რუსეთს ასეთი რამ მანამდეც გაუკეთებია.

სტარმერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობები.