აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა

ყასემ სოლეიმანის ნათესავები

 სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა გარდაცვლილი ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის დისშვილი და შვილიშვილი დააკავეს. Reuters-ის ცნობით, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მათ აშშ-ის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი გაუუქმა.

"ჰამიდე სოლეიმანი აფშარი და მისი ქალიშვილი ამჟამად დაკავებულები არიან და აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურში იმყოფებიან", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და განმარტებულია, რომ რუბიომ მათ მუდმივი რეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "მწვანე ბარათი".

სახელმწიფო დეპარტამენტს არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდა დაკავებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ დედა-შვილი პარასკევს დააკავეს და, რომ აფშარი "ლოს-ანჯელესში ფუფუნებაში ცხოვრობდა", რაც მის Instagram გვერდზე იყო დოკუმენტირებული, თუმცა ამჟამად გვერდი გაუქმებულია.

ცნობისთვის, სოლეიმანი 2020 წლის იანვარში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, ბაღდადში, აშშ-ის საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა.