აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მოვუწოდებთ ჩინეთს, იყოს საიმედო პარტნიორი სავაჭრო მოლაპარაკებებში

სკოტ ბესენტი

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა ჩინეთს მოუწოდა, იყოს საიმედო პარტნიორი სავაჭრო მოლაპარაკებებში.

ამის შესახებ სკოტ ბესენტმა წარმომადგენელთა პალატაში საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა.

„ასობით ქვეყანა დაუკავშირდა ადმინისტრაციას შეთავაზებებით აშშ-თან თავიანთი სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ეს ვრცელდება ჩინეთზეც. ახლახან დავბრუნდი ლონდონიდან, სადაც წარმატებული მოლაპარაკებები გაიმართა ჩინეთის დელეგაციასთან, რაც არა მხოლოდ დაასტაბილურებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს ორ ეკონომიკას შორის, არამედ უფრო დაბალანსებულსაც გახდის. ჩინეთი თუ შეასრულებს თავის ვალდებულებებს პირველადი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ჟენევაში ჩამოვაყალიბეთ, და მჯერა, ლონდონში ჩვენი მოლაპარაკებების შემდეგ, ასე იქნება, მაშინ შესაძლებელია, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ხელახალი დაბალანსება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ლონდონში მოლაპარაკებები დაიწყეს. შეხვედრის ორგანიზებაზე დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 5 ივნისს სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.