ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიამ „გუჩის“ 2027 წლის პირველი, კრუიზული კოლექცია წარადგინა. ჩვენება ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე გაიმართა. რეზორტისა და კრუიზის სამოსი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ცივ სეზონს თბილ ქვეყნებში ატარებენ. კრუიზული კოლექციის ჩვენებები, ტრადიციულად, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში იმართება.
აღსანიშნავია, რომ „გუჩის“ პირველი მაღაზიაში ნიუ-იორკში სწორედ თაიმს სკვერზე გაიხსნა. „ჩვენების გამართვა ამ ადგილას, ბრენდისთვის სახლში დაბრუნებას ჰგავდა“,- განაცხადა დემნა გვასალიამ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ქართველი დიზაინერის თქმით, ინსპირაციის წყაროდ რობერტ ლონგოს ფოტოსურათი „კაცები ქალაქებში“ იქცა. სურათებში კორპორატიულ კოსტიუმებში გამოწყობილი ფიგურები ექსტრემალურ მოძრაობებს ასრულებენ. დემნა გვასალია ასეთ სიტყვებს ამბობს: „ამ კოლექციით მინდოდა ის ადამიანები წარმომეჩინა, რომლებსაც ქუჩაში სიარულისას ვხვდებით. ისინი ინდივიდუალურები არიან და მრავალფეროვანი სტილი აქვთ“.
კოლექცია საკმაოდ ორიგინალური იყო. ის მდიდრულ კოსტიუმებს, ზოლებით გაფორმებულ სამოსს, დაბალწელიან ჯინსებსა და მოკლე ტოპებს აერთიანებდა. ნიუ-იორკელების მსგავსად, მოდელებს ხელში აიფონები, თაიგულები, გასაღებები და იოგას ხალიჩები ეკავათ. ჭარბობდა როგორც მუქი, ისე ღია ფერები. გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, დემნამ გუჩის ნივთებს ამერიკული ხასიათი შემატა.
საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პოდიუმზე გამოსული მოდელების ჩამონათვალიც. დემნამ არჩევანი ისეთ ცნობილ სახეებზე გააკეთა, როგორებიც სინდი კროუფორდი, ქენდის სვეინპოლი, პერის ჰილტონი, ტომ ბრედი, ანოკ იაი, ემილი რატაკოვსკი, ალექს კონსანი და მარიაკარლა ბოსკონო არიან.
კრუიზული კოლექციის ჩვენებას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო – მათ შორის კიმ კარდაშიანი და მერაია ქერი.
აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ შოუს მოსაწვევიც. დემნამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და საკმაოდ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო. ქართველმა დიზაინერმა სტუმრებს ოქროსფერი გასაღები და მისი ჩასადები გაუგზავნა. რა თქმა უნდა, გუჩის ბრენდირებით.
ჩვენება სინდი კროუფორდმა დახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შოუს დასასრულ პოდიუმზე თავად ქართველი დიზაინერიც ვიხილეთ.
კრუიზული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე გუჩის ოფიციალურად მაღაზიებში.