ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ გაიმართა

ღამის სერენადები

24 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალის ,,ღამის სერენადები'' ფარგლებში მეორე კონცერტი"ვივალდის ციებ-ცხელება" გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდნენ ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.

საღამოზე შესრულდა ჰენრი პერსელის - გრაუნდი სემი-ოპერიდან „ტიმონ ათენელი“, ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 „ღამე“, პიეტრო ლოკატელის - კონჩერტო გროსო დო მინორი, თხზ.1 №11, იაკობ ვან ეიკის - ანგელოზების ბულბული, ანტონიო ვივალდის - სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“, ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი „Il Gardellino“, RV 428, ანტონიო ვივალდის - სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190, ანტონიო ვივალდის - ორმაგი კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522. ტრადიციულად კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მსმენელმა კონცერტის მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- დღევანდელი რიგით მეორე კონცერტი ბათუმური ნაწილისა ბაროკოულ მუსიკას მიეძღვნა, შესრულდა ამ ეპოქის დიდებული კომპოზიტორების ვივალდის, ლოკატელის და პერსელის შესანიშნავი ნაწარმოებები. მსოფლიოში სახელგანთქმულმა მუსიკოსებმა ანდრეს გაბეტამ და მორის შტეგერმა ბრწყინვალე ვირტუოზობით და საოცარი არტისტიზმით ააჟღერეს არაჩვეულებრივი მუსიკა. კონცერტში ასევე მონაწილეობდა ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, ხოლო კლავესინის პარტიას ასრულებდა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტი გიორგი შიოლაშვილი. ბათუმში "ღამის სერენადები" კიდევ ერთ კონცერტს 26 აგვისტოს გამართავს, შემდეგ კი ოქტომბერში თბილისში 2 აქრაჩვეულებრივი საღამო გველოდება.

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

- მადლობელი ვარ ბათუმელი განსაკუთრებული მსმენელი. ტრადიციულად ძალიან თბილად მიგვიღეს. ჩვენ ნამდვილი მუსიკალური დღესასწაულის მომსწრენი გავხდით. მოვუსმინეთ ბაროკოს ეპოქის მუსიკის ჭეშმარიტ ვირტუოზებს მევიოლინეს ანდრეს გაბეტასა და ბლოკფლეიტისტს მორის შტეგერს. მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა "ვივალდის ციებ-ცხელება" აღსავსე იყო მუსიკალური ფერებითა და ემოციებით. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადეს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების საქართველოში მოწვევა და ამ პროექტის განხორციელება. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ საბაზო ორკესტრს "საქართველოს ვირტუოზებს" არაჩვეულებრივი შესრულებისთვის და, რასაკვირველია, უდიდესი მადლობა ქალაქ ბათუმსა და ჩვენს ერთგულ მსმენელებს, რომლებიც ყოველ ჯერზე გვავსებენ ოვაციებით და გვჩუქნიან უზარმაზარ სითბოს.

მორის შტეგერი:

- ეს იყო საოცარი ემოციებით აღსავსე საღამო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ყველასთვის, რადგან შევასრულეთ ვივალდის ნაწარმოებები და მსმენელმა იმდენად დიდი ემოცია გამოხატა ჩვენს მიმართ, რომ ბოლომდე დავიხარჯეთ. მიხარია, რომ შევძელით მსმენელის მოგზაურობა ვივალდის ჯადოსნურ სამყაროში. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ უდიდესი სიამოვნებისა და პატივისთვის, რომ ვმონაწილეობ ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალში.

ანდრეს გაბეტა:

- საქართველოში პირველად არ ვიმყოფები. მიყვარს ეს ქვეყანა და მისი საოცრად თბილი საზოგადოება. აღფრთოვანებული ვარ საქართველოთი, არაერთხელ მითქვამს, რომ მართლა ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა თავისი ემოციური და გულწრფელი მსმენელით. ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილოეობა. კარგად ვიცნობ ქართველ მსმენელს და ზუსტად ვიცოდი, რომ განსაკუთრებული საღამო  იქნებოდა. ჩვენ ყველა ბოლომდე დავიხარჯეთ და მგონია, რომ ყველა კმაყოფილია. მადლობა ორკესტრს, თითოეულ მონაწილეს, რომ ასე შევეწყეთ და მართლაც განსაკუთრებული დღესასწაული მოვუწყეთ დამსწრე საზოგადოებას. მადლობა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს, მადლობა ფესტივალის დირექორტრს ნინა ცაგარელს, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ფესტივალის სახელით წარვმსდგარიყავი მსმენელის წინაშე.

"ღამის სერენადების" მესამე კონცერტი ბათუმში 26 აგვისტოს გაიმართება. წარმოდგენილი იქნება საღამო სახელწოდებით "ტანგოს სული" და ამით ბათუმის საფესტივალო ნაწილი დასრულდება. დასკვნითი კონცერტები კი თბილისში 9 და 11 ოქტომბერს ჩატარდება.

ფესტივალის განმავლობაში გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.

ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან "ივ როშე", ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი "პიელ ნატურალსი", ღვინის კომპანია "პავილიონ ვაინსი", "პსპ", ავეჯის სახლი "ნიტა".

ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა "ნიჭიერთა ათწლედი".

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი 2", ტელეკომპანია "იმედი", "პოს ტვ", "ევრონიუს ჯორჯია", Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპ არტი", "პალიტრა მედია", საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი", "ჯორჯიან პრესი", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today", ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger", ჟურნალი "სარკე", გაზეთი "აჭარა", ონლაინ მედია "აჭარა თაიმსი", რადიო "ფორტუნა" და ვებ პლატფორმა "ფორტუნა.ჯი".