პომიდვრის საწებელში დამალული კოკაინი სარფის გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პომიდვრის საწებელში დამალული კოკაინი

პომიდვრის საწებელში დამალული კოკაინი სარფის გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს. საეჭვო ბარგი მებაჟეებმა შეამჩნიეს და შეამოწმეს. ჩანთაში, ნარკოტიკით სავსე, დახუფული ქილები იყო მოთავსებული. გაირკვა, რომ ამანათის ადრესატი საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქე იყო. ნარკოდანაშაულის ფაქტზე სამართალდამცველებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს.

დაკავებული თურქეთის მოქალაქე სელაჰთინ შექერჯია. ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენისთვისაა ბრალდებული.

"კურიერის" ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცმა კოკაინი, თურქეთში, სავარაუდოდ, ინტერნეტით იყიდა. რეალიზატორს შეუთანხმდა, რომ ნარკოტიკი მესამე პირს, სარფის გავლით, საქართველოში უნდა შემოეტანა და მისთვის პირადად გადაეცა. ნარკოდანაშაულის სქემა ქართველმა სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაცია გაშიფრეს და სპეციალური ღონისძიებები დაგეგმეს.

სელაჰთინ შექერჯის პომიდვრის საწებელში დამალული კოკაინით სავსე ჩანთა პოლიციამ საკონტროლო მიწოდების ფორმით გადასცა. ამანათის აღებიდან რამდენიმე წუთში, თურქეთის მოქალაქე პოლიციამ შეაჩერა, გაჩხრიკა და ხელბორკილები ადგილზევე დაადო.

დაკავების ღონისძიება ხელვაჩაურში ჩატარდა - მაშინ როდესაც, სელაჰთინ შექერჯი, თურქეთიდან გამოგზავნილი ამანათით, სახლში ბრუნდებოდა.

თურქეთის მოქალაქე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ბინა რამდენიმე თვის წინ იქირავა. მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ადგილობრივებმა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების შესახებ იციან, თუმცა, როგორც თავად ჰყვებიან, დანაშაულის შესახებ მხოლოდ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ შეიტყვეს.

თურქეთის მოქალაქის პოზიცია წარდგენილ ბრალზე უცნობია. ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს.

ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე საუბრობს ბრალდების მხარე. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რა მიზნით ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი თურქეთს მოქალაქეს.

თურქეთის მოქალაქის მიმართ წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.