მიხეილ სარჯველაძე გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონული ღონისძიების გახსნას დაესწრო

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის (PIVI) რეგიონული შეხვედრის გახსნას დაესწრო. ღონისძიება აშშ-ის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ქვეყნებს ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება, მომავალი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება და უფრო ძლიერი, მდგრადი საზოგადოებების შექმნაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამინისტროსა და ქართული ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად, ასევე, ქვეყნებს შორის პარტნიორობისთვის.

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

სამდღიანი ღონისძიება სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV), თუ სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. განიხილავენ, სამომავლოდ, აღნიშნული დაავადებების კიდევ უფრო ეფექტურად მართვის გეგმებს, იმსჯელებენ თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც.

შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.