1780555563
ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა
ბათუმში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კავშირის შექმნას, დასაქმების ხელშეწყობასა და კარიერული განვითარების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.
ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშილი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ეკატერინე სურმავა, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თეიმურაზ კახიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
„ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს დასაქმების ფორუმს, რომელიც აერთიანებს დასაქმების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალ შესაძლებლობას. ეს არის უნიკალური პლატფორმა თითოეული მოქალაქისთვის, მიიღოს ახალი ინფორმაცია, გაეცნოს გადამზადების პროგრამებს, გაიღრმაოს პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლოს კვალიფიკაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფორუმი მათ აძლევს რეალურ შესაძლებლობას, დასაქმდნენ და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ფორუმში 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა და სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტი ვაკანსია და 2000-მდე სამუშაო ადგილი შესთავაზა. ღონისძიება მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გაცნობოდნენ კარიერულ შესაძლებლობებს და მიეღოთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესახებ.
ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.












