საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა - 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი

სექტემბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა. დადებითი დინამიკა საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა, რასაც ხელი შეუწყო ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ და სტაბილურმა გეოპოლიტიკურმა გარემომ. ინფორმაციას საპენსიო ფონდი ავრცელებს.

დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, სექტემბერში 2.56%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.98% და 1.47%-იანი ზრდები დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

დინამიკური – 12.0%
დაბალანსებული – 10.3%
კონსერვატიული – 8.9%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.5%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.2% და 11.9%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა სექტემბრის ბოლოსთვის 7.7 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა - 2.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა.