1746016666
მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მარტის ანუ პირველი კვარტლის, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა - გიორგი ცუცქირიძე

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მარტის ანუ პირველი კვარტლის, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე.
მისივე თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
„მარტის თვეს უნდა გაეცა პასუხი, ბიუჯეტის ცალკეული პარამეტრების საპროგნოზოსთან აცდენა რამდენად კანონზომიერი იყო ეკონომიკის მაკრო ფაქტორებთან მიმართებაში. აქ პირველ რიგში მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო საინტერესო, მიუხედავად იანვარ-თებერვალში მაღალი ეკონომიკური აქტივობისა(2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა).
მთლიანად დადასტურდა ჩვენი თვალსაზრისი, რომ მიუხედავად საპროგნოზოსთან შედარებით, დღგ-ის, აქციზის და იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების აცდენისა საპროგნოზოზე მაღალი და გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები, მაღალი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა უნდა ყოფილიყო და არაფერი საერთო არც ეკონომიკის შენელებასთან, მით უფრო საბიუჯეტო კრიზისთან არ ჰქონდა, როგორც ეს ცალკეულ ოპოზიციურად განწყობილ ექსპერტებს სურდათ წარმოეჩინათ.
მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მარტის ანუ პირველი კვარტლის, საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებულმა ტენდენციებმა. 2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა და 565.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის ჭრილში ბოლო წლების რეკორდული მოცულობა - 826 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
2025 წლის მარტში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა, რაც მაღალ ზრდას განაპირობებდა.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად.
იგივე სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.2%-ს შეადგენს, ისიც კონსერვატორული შეფასებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების სტატისტიკას, რეალური მაჩვენებლები უფრო მაღალია და ბუნებრივია, ეს არ არის ზედა ზღვარი“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.