თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 მაისიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე.

რაც შეეხება საგზაო მოძრაობის შეზღუდვას, ტრანსპორტის გადაადგილება სრულად აიკრძალა ვაკის სასაფლაოდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე არსებულ მონაკვეთზე.

შეზღუდვის პერიოდში გიორგი წერეთლის ქუჩა გახდა ცალმხრივი.

თამარაშვილის გამზირიდან  მოძრაობა დაშვებულია ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმართულებით, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები სარგებლობენ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებული მოსაბრუნებელი გზით და მარცხნივ მოხვევით ხვდებიან თამარაშვილის გამზირზე.

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების ახალი ხიდის  გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობენ ბაგების ახალი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში შემდეგი სიახლეა:

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N309,  N351, ასევე მიკროავტობუსები - N512, N540  იმოძრავებენ მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით (უკუმიმართულებით მარშრუტი არ იცვლება).

მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან კუს ტბის ასახვევის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N358 იმოძრავებს გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით და აღარ გაჩერდება „ვაკის პარკთან“ (უკუმიმართულებით მარშრუტი უცვლელია).

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - ნათქვამია განცხადებაში.