გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
მკვლევრებმა მკაფიო მტკიცებულებას მიაგნეს, რომ ადამიანის ტვინს ახალი ნეირონების წარმოქმნა ზრდასრულობისასაც შეუძლია. ამ პროცესს ნეიროგენეზი ეწოდება და ჰიპოკამპუსში მიმდინარეობს. ეს ის ნაწილია, რომელიც სწავლაზე, მახსოვრობასა და ემოციებზეა პასუხისმგებელი.
"მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი კვლევა ხანგრძლივ დისკუსიას საბოლოოდ ასრულებს. ახლა უკვე ვიცით, რომ ზრდასრულის ტვინს ახალი ნეირონების წარმოქმნა შეუძლია", — ამბობს კვლევის თანაავტორი, მართა პატერლინი.
სხვა სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ ეს კვლევა ზრდასრულ ასაკში ნეიროგენეზის არსებობას ამტკიცებს. ბერკის ნევროლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა რაჯივ რატანმა განაცხადა, რომ ერთი კვლევა შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. მიუხედავად ამისა, ეს შედეგები აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინში ახალი ნეირონების წინამორბედი ღეროვანი უჯრედები არსებობს და მრავლდება.
"ეს აღმოჩენა კლინიკურ ნეირომეცნიერებას ახალ გზებს უხსნის", — დაამატა მან.
1960-იანი წლებიდან მეცნიერებმა იცოდნენ, რომ თაგვებში, ვირთხებსა და პრიმატების ზოგ სახეობაში ტვინის ახალი უჯრედები მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოიქმნება. ზრდასრული ადამიანებისგან ხარისხიანი ნიმუშების მიღება დიდი სირთულეა.
"ადამიანური ქსოვილი ოპერაციებიდან ან ავტოფსიიდან გვაქვს. მისი დამუშავების პირობები ხშირად ახალი უჯრედების აღმოჩენას ართულებს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით ეს პრობლემაც მოგვარდა", — ამბობს პატერლინი.
მკვლევრებმა 24 ადამიანისგან ჰიპოკამპუსის 400 000-ზე მეტი უჯრედის ბირთვი შეისწავლეს. დამატებით 10 ტვინს სხვადასხვა მეთოდით ანალიზი ჩაუტარეს. ორგანოები 0-დან 78 წლამდე ადამიანების იყო.
გამოსახულების ორ უახლეს მეთოდზე დაყრდნობით, მათ შეძლეს, დაედგინათ, ახალი უჯრედები სად იყო. მათ გამრავლებისთვის საჭირო უჯრედები ზრდასრულთა ტვინშიც აღმოაჩინეს. ისინი ზუსტად იმ ადგილებში იყო, სადაც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ღეროვანი უჯრედები იპოვეს.
"ეს უჯრედები მხოლოდ ჩვილებსა და ბავშვებში კი არ ვიპოვეთ, ისინი მოზარდებსა და ზრდასრულებშიც დაფიქსირდა", — ამბობს მეცნიერი — "მათ შორის ღეროვანი უჯრედები ვნახეთ, რომლებსაც თვითგანახლება და სხვა ნერვული უჯრედების წარმოქმნა შეუძლია".
მკვლევრებმა ფლუორესცენცილი ნიშნები გამოიყენეს, რომ მიმდინარე უჯრედების გაყოფა დაენახათ. შემდეგ მათ მანქანური სწავლების ალგორითმი შეიმუშავეს, რომელმაც განსაზღვრა, რომლები გარდაიქმნებოდა ნეიროგენეზურ ღეროვან უჯრედებად.
ბავშვების ტვინებში მეტი ახალი უჯრედი წარმოიქმნებოდა, ვიდრე მოზარდებსა და ზრდასრულებში. ეს მოსალოდნელიც იყო. ზრდასრულებში ჩატარებული ანალიზით, ერთ-ერთმა ტექნიკამ 14 ტვინიდან 9-ში ახალი უჯრედები აჩვენა, ხოლო მეორემ — 10-დან ყველა შემთხვევაში.
"შემდგომი კვლევებით დავადგენთ, იყო თუ არა ზრდასრულების ტვინში ნეიროგენეზი რაიმე ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწვეული", — აღნიშნა ექიმმა ტეილორ კიმბერლიმ, რომელიც მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ხელმძღვანელია — "ახლა, როცა ამ უჯრედების იდენტიფიცირება შეგვიძლია, მათზე დაკვირვებასაც მოვახერხებთ. შემდეგ შევისწავლით, მათი არსებობა სხვადასხვა დაავადებაზე როგორ მოქმედებს. სამკურნალო მეთოდები ჯერ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ზრდასრულ ტვინს შეუძლია, ახალი ნეირონების წარმოქმნა, ჩვენს წარმოდგენას სწავლაზე, დაზიანებებისგან აღდგენასა და ნეიროპლასტიურობის პოტენციალზე მთლიანად ცვლის".
კვლევა გამოცემაში Science გამოქვეყნდა, რომლის თარგმანი on.ge-მ მოამზადა