რატომ ამოგვდის სიბრძნის კბილები - მეცნიერები დასკვნამდე მივიდნენ

კბილი

სიბრძნის კბილებს "მესამე ძირითად კბილებს" უწოდებენ. ისინი პირის ღრუს უკანა მხარეს, საკმაოდ არაკომფორტულ ადგილას მდებარეობს და ადრეულ ზრდასრულობაში ამოდის. დღევანდელ სამყაროში რეალურად მათ ფუნქცია დაკარგეს. ადრე ისინი უფრო მყარი საჭმლის დასაღეჭად იყო განკუთვნილი.

"ჩვენი კბილები კვების იმ რაციონს იყო მიჩვეული, რომლითაც დღევანდელ საზოგადოებაში აღარ ვიკვებებით, შესაბამისად, სიბრძნის კბილებიც საჭირო აღარაა", - განმარტავდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი დები სტეინბერგი 2017 წელს.

პრეისტორიული სადილი უმი ხორცის, ბოსტნეულისა და უხეში თხილეულისგან შედგებოდა. ადამიანები ხშირად ძვალსაც კი ღეჭავდნენ, რათა მის შიგნით არსებული შიგთავსი მიეღოთ. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ მაშინდელ ადამიანებს ხის "მირთმევაზეც" არ ეთქვათ უარი. ასეთ პირობებში ზრდასრულ ასაკში ახალი საღეჭი კბილების ამოსვლა საკმაოდ გამოსადეგი იქნებოდა. დღეს ეს კბილები პრობლემად იქცა.

"რბილი დიეტა ყბის განვითარებას ხელს არ უწყობს", - ამბობდა სტეინბერგი - "და ამ დროს კბილები, განსაკუთრებით სიბრძნის კბილები, ხშირად ნაწილობრივ ამოსული ან სრულიად ჩაჭედილია ღრძილში".

უნდა ამოვიღოთ თუ არა სიბრძნის კბილები?
უძველეს ნამარხებს რომ დავაკვირდეთ, კბილების შექუჩებულობა იშვიათად გვხვდება, იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანს სიბრძნის კბილებიც ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ეს ოთხი დამატებითი კბილი სახის ძვლების გამაგრებასა და დაცვას ეხმარებოდა.

დღეს ჩვენი ყბა ბევრად პატარაა, ვიდრე ჩვენი წინაპრების, ამიტომ ყველა 32 კბილი მასში ფიზიკურად ვერ ეტევა. ზოგიერთს სიბრძნის კბილები გართულებების გარეშე ამოსდის, მაგრამ დაახლოებით 80%-ს ერთი კბილი მაინც ისე ეზრდება, რომ ნახევარი ღრძილში რჩება. ეს ძირითადად ყბაში ადგილის სიმცირის გამო ხდება.

"გარდა დისკომფორტისა, ეს პროცესი შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საშიშიც იყოს. სიბრძნის კბილის ნაწილობრივი ამოსვლა ბაქტერიებს საშუალებას აძლევს, კბილს შორის მოხვდეს და ინფექცია გამოიწვიოს. ამ ყველაფერს შემდეგ ტკივილი, შეშუპება, ყბის დაჭიმულობა და საერთო სისუსტე ახასიათებს. გარდა ამისა, ასეთი კბილები კარიესისა და ღრძილების დაავადებებისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი, რადგან მათი წმენდა რთულია", - აღნიშნავს WebMD-ის ჟურნალისტი.

2016 წლის ანალიზის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში სიბრძნის კბილებს ადამიანების დაახლოებით 80 პროცენტი იღებს, ხოლო აშშ-ში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. ეს პროცედურა ხშირად ტკივილისა და სხვა გართულებების პრევენციულ ზომად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ მოცილების საჭიროებას ხშირად გადაჭარბებულად ვაფასებთ.

"რეტენირებული სიბრძნის კბილებიდან მხოლოდ 12 პროცენტს აქვს თანდაყოლილი პათოლოგია", - ნათქვამია 2007 წლის ერთ-ერთ კვლევაში - "ეს დაახლოებით იგივე მაჩვენებელია, რაც აპენდიციტისა (10%) და ნაღვლის ბუშტის ანთების (12%) შემთხვევაში. ამ დროს მათი პრევენციული მოცილება არ ითვლება სტანდარტულ სამედიცინო პრაქტიკად. მაშინ სიბრძნის კბილების პრევენციული მოცილება რატომ უნდა იყოს სტანდარტი?"

გარდა ამისა, სიბრძნის კბილების ამოღება რისკებს უკავშირდება. შეიძლება, ინფექცია ან ე.წ. ბუდის პოსტექსტრაქციული ალვეოლითი განვითარდეს. ეს გართულებაა, როდესაც კბილის ამოღების შემდეგ სისხლი საკმარისად არ დედდება. ამ დროს ძვალი და ნერვები შიშვლდება. ეს ძლიერ ტკივილს იწვევს, შეხორცებას აყოვნებს და პირში უსიამოვნო სუნს ქმნის. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება, ნერვული დაზიანებაც განვითარდეს.

"სიბრძნის კბილები, რომლებიც ყბის ძვალშია ჩარჩენილი, ხშირად ნერვებთან ახლოს მდებარეობს", - განმარტავენ WebMD-ზე - "ამოღებისას შესაძლოა, ეს ნერვები დაზიანდეს. არსებობს რისკი, რომ ენის, ტუჩის ან ნიკაპის დამბლა განვითარდეს. ის შეიძლება, რამდენიმე დღე, კვირა, თვე ან მთელი ცხოვრება გაგრძელდეს”. 

სიბრძნის კბილების ახალი დანიშნულება
შეიძლება, სიბრძნის კბილებმა თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სრულიად უსარგებლოა. ისინი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ღეროვანი უჯრედების წყაროა.

"აღმოჩნდა, რომ კბილის პულპა ხრტილოვან, ძვლის, ცხიმოვან და ღეროვან უჯრედებს შეიცავს", - აღნიშნავენ მკვლევრები 2013 წლის ერთ-ერთ ნაშრომში - "თითოეულ ამ უჯრედს ისეთი დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, მკურნალობაში წვლილის შეტანის პოტენციალი აქვს".

ეს პატარა უსიამოვნო კბილები შეიძლება, მართლაც ფასეული აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს ისინი არც კი გვჭირდება. ჩვეულებრივ მათი მოცილების პროცედურა ადრეულ ასაკში ტარდება, რაც იდეალური დროა ღეროვანი უჯრედების შესანახად.

"თუ პროცედურა სტერილურ გარემოში მიმდინარეობს, შესაძლებელია, ამ კბილებიდან აღებული უჯრედები გაყინონ, შეინახონ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ", - ამბობენ მკვლევრები ნაშრომში - "დღეს უკვე ამოღებული კბილების შენახვა გავრცელებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიბრძნის კბილების თავდაპირველი დანიშნულება არაა, საკმაოდ კარგი მიზეზია იმისა, რომ ისინი ღირებულად ჩაითვალოს".

წყარო