ამინდი მკვეთრად შეიცვლება - ნახეთ პროგნოზი
1757100880
დედამიწაზე არის რამდენიმე ადგილი, სადაც ადამიანები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ. მათ შორისაა იაპონიის კუნძული ოკინავა, სარდინიაში მდებარე ოლიასტრის მთიანეთი და საბერძნეთში არსებული იკარიის სანაპირო.
ასეთ არეალებს ხშირად "ლურჯ ზონებს" უწოდებენ და მეცნიერებმა ახლახან კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი გამოავლინეს.
მიიჩნევა, რომ "ლურჯ ზონებში" მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე საშუალოზე ხანგრძლივია, მათ ქრონიკული დაავადებებიც ნაკლებად აწუხებთ და დიდი შანსი აქვთ, რომ 100 წელს გადააბიჯონ. ეს ხშირად ისეთ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, როგორიც აქტიური ცხოვრების წესი, სტრესის დაბალი დონე, სოციალური ურთიერთობების სიჭარბე, მრავალფეროვანი დიეტა და რეგიონული საკვების მაღალი ხარისხია. ამის მიუხედავად, ამგვარ კატეგორიზაციას მეცნიერთა ნაწილი არ ემხრობა და მას მწირი მონაცემების განზოგადებას უწოდებს.
ასეა თუ ისე, ამ საკითხს სხვა მკვლევრები სწავლობენ და მათ კიდევ ერთი სავარაუდო "ლურჯი ზონა" დაასახელეს. ესაა დასავლეთ ფინეთი, კერძოდ კი ოსტრობოტნია, რომლის მოსახლეობაც შვედურად მოლაპარაკე ადამიანებისგან შედგება. იქ ამჟამად სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 83.1 წელია, რაც არამხოლოდ ქვეყნის 81.6-წლიან მაჩვენებელს აღემატება, არამედ მსოფლიოსასაც — 73.1 წელს.
"ამა თუ იმ რეგიონში ხანგრძლივ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ცხოვრების სტილს შორის შესაძლო კავშირი კულტურული, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის მიხედვით განსხვავდება. აქ დამატებით დემოგრაფიულ კვლევებს ვსაჭიროებთ, რათა ოსტრობოტნიაში ადამიანთა სიცოცხლის გასაოცარი ხანგრძლივობა დადასტურდეს, განსაკუთრებით შვედურად მოლაპარაკე პოპულაციაში", — აცხადებს აბოს აკადემიის უნივერსიტეტში მომუშავე სარა აკერმანი.
ეს ახალი ინფორმაცია მოულოდნელი არ უნდა იყოს მათთვის, ვინც ფინეთს კარგად იცნობს. აღნიშნული ქვეყანა ბედნიერების ინდექსით მოწინავე ადგილზეა, საჯარო სერვისები იქ გამართულად მუშაობს, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი დაცულია, ბუნებასთან კავშირი შენარჩუნებულია და ადამიანთა უფლებებიც თანაბარია.
მართალია, ფინეთი საკუთარი სამზარეულოთი ცნობილია არაა, მაგრამ იქ ჩვეულებრივი დიეტა სიჯანსაღითაა გამორჩეული. ის მთლიან მარცვლეულსა და ცივ წყლებში მობინადრე მრავალგვარ თევზს მოიცავს. ამის მიუხედავად, რაიმეს დაზუსტებით თქმისგან ავტორები ჯერ თავს იკავებენ. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოსტრობოტნიის სამხრეთში სხვა რეგიონებთან შედარებით სიცოცხლის უფრო დაბალი ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის პრობლემები დაფიქსირდა.
გუნდი ჩრდილოეთის ქვეყნებში "ლურჯი ზონების" გამოკვლევას 2026 წლის ივნისამდე განაგრძობს. მათი ნაშრომი გამოცემაში Journal of Aging Research გამოქვეყნდა.