„ეს სიმპტომები ნაწლავის კიბოზე მიუთითებს" - ქირურგი განმარტავს
1779048241
ბელგიელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად შეძლეს პაციენტისთვის სპერმის წარმოქმნის უნარის აღდგენა ბავშვობაში გაყინული სათესლე ჯირკვლის ქსოვილის გამოყენებით. სპეციალისტები ამ მიღწევას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ იმ მამაკაცებისთვის, რომლებმაც ბავშვობაში ჩატარებული ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო ნაყოფიერება დაკარგეს.
კვლევა ბრიუსელის უნივერსიტეტის საავადმყოფოსა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (VUB) სამედიცინო გუნდმა ჩაატარა.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს ბავშვობაში ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობის დაწყებამდე, 2008 წელს, ექიმებმა მისი ერთ-ერთი სათესლე ჯირკვალი ამოიღეს და მომავალი გამოყენებისთვის გაყინეს.
წლების შემდეგ, როდესაც პაციენტმა შვილის ყოლა გადაწყვიტა, გაირკვა, რომ მის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდები აღარ არსებობდა. ამის შემდეგ ექიმებმა ბავშვობაში გაყინული ქსოვილის გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს.
2025 წელს ჩატარებული ოპერაციის დროს სპეციალისტებმა სათესლე ჯირკვალსა და სათესლე პარკში ქსოვილის რამდენიმე ნაწილი გადანერგეს. ერთი წლის შემდეგ კი პაციენტის ორგანიზმმა სიცოცხლისუნარიანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამომუშავება დაიწყო.
მკვლევრების განმარტებით, სპერმატოზოიდები ამ ეტაპზე მხოლოდ გადანერგილ უბნებში წარმოიქმნება და ბუნებრივი გზით განაყოფიერებისთვის შესაძლოა საკმარისი არ იყოს. შესაბამისად, მომავალში პაციენტს, სავარაუდოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა დასჭირდება.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მხოლოდ ერთ პაციენტს მოიცავს, შედეგი ძალიან იმედისმომცემია და შესაძლოა მომავალში უშვილობის მკურნალობის ახალი მიმართულება გახდეს.
მეცნიერები ახლა აკვირდებიან, რამდენ ხანს შეინარჩუნებს გადანერგილი ქსოვილი ფუნქციონირებას და შეძლებს თუ არა მიღებული სპერმა ჯანმრთელი შთამომავლობის გაჩენას.
კვლევის შედეგები სამეცნიერო პლატფორმაზე medRxiv გამოქვეყნდა.