„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯისა და მონპელიეს უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ასაკოვან ადამიანებში, რომლებსაც არასდროს უქორწინიათ ან განქორწინებულები არიან, დემენციის განვითარების რისკი შესაძლოა დაქორწინებულ პირებთან შედარებით უფრო დაბალი იყოს.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Alzheimer's & Dementia-ში გამოქვეყნდა და 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 24 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც კვლევის დაწყების მომენტში დემენცია არ ჰქონდათ. მონაწილეთა კოგნიტიურ ფუნქციებს სპეციალისტები ყოველწლიურად აფასებდნენ.
მეცნიერებმა მონაწილეები ოთხ ჯგუფად დაყვეს: დაქორწინებულები, ქვრივები, განქორწინებულები და ადამიანები, რომლებსაც არასდროს უქორწინიათ.
შედეგებმა აჩვენა, რომ დემენცია დაქორწინებული და ქვრივი მონაწილეების 21,9%-ს განუვითარდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო განქორწინებულებსა და დაუქორწინებელ პირებში — შესაბამისად 12,8% და 12,4%.
კვლევის ავტორების შეფასებით, ასაკისა და სქესის გათვალისწინების შემდეგ, განქორწინებულ ადამიანებს დემენციის განვითარების 34%-ით დაბალი რისკი ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც არასდროს უქორწინიათ — 40%-ით დაბალი. დამატებითი ფაქტორების, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესისა და გენეტიკური წინასწარგანწყობის გათვალისწინების შემდეგაც, ეს კავშირი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადებისა და ლევის სხეულების დემენციის განვითარების შემთხვევები დაქორწინებულ ადამიანებში უფრო ხშირად ფიქსირდებოდა. ამასთან, მათში უფრო მაღალი იყო მსუბუქი კოგნიტიური დარღვევიდან დემენციის უფრო მძიმე ფორმებზე გადასვლის რისკიც.
სპეციალისტების თქმით, აღმოჩენა ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ქორწინება კოგნიტიური ჯანმრთელობისთვის ერთგვარ დამცავ ფაქტორად მიიჩნეოდა.
მეცნიერები რამდენიმე შესაძლო ახსნას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, დაუქორწინებელი ადამიანები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან უფრო აქტიურ სოციალურ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. მეორე შესაძლო მიზეზი კი ის არის, რომ ზოგიერთი ქორწინება ქრონიკულ სტრესთან არის დაკავშირებული, რაც ტვინის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ქორწინებისა და დემენციის კავშირის შესახებ დამატებითი კვლევების აუცილებლობას აჩვენებს.